კოლორექტული კიბო
მსოფლიოში ყოველწლიურად კოლორექტული კიბოს მილიონამდე ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და დაახლოებით 500 ათასი ადამიანი იღუპება. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო – ეს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც საქართველოში გავრცელების მიხედვით მესამე ადგილი უჭირავს.
მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ არის დამოკიდებული სიმსივნური პროცესის გავრცელების ხარისხზე. დაავადების ადრეულ სტადიაზე (I სტადია) გამოვლენისას ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის დონე საკმაოდ მაღალია და 93.2%-ს შეადგენს, თუმცა სიმსივნის ზრდასა და მეტასტაზირებასთან ერთად მოცემული მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება შეინიშნება. ამგვარად, პროცესის II სტადიაზე დიაგნოსტირებისას ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის დონე 72.2%-მდე იკლებს და პათოლოგიურ პროცესში რეგიონული ლიმფური კვანძების ჩართვის შემთხვევაში (III სტადია) 44.3%-ს შეადგენს. შორსწასული მეტასტაზების არსებობისას (IV სტადია) ხუთწლიანი სიცოცხლის განგრძლივობის მაჩვენებელი 8.1%-ს არ აჭარბებს.
რა არის მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო?
მსხვილი და სწორი ნაწლავი საშუალოდ 1.5 მ სიგრძის კუნთოვანი ორგანოა. ადამიანის მიერ მიღებული საკვები იშლება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, შემდეგ გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც ხდება წყლისა და მინერალური მარილების შეწოვა. საკვების მყარი, გადაუმუშავებელი ნარჩენები გამოიდევნება ორგანიზმიდან. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო განვითარებას იწყებს ნაწლავის კედლის ყველაზე შიდა შრიდან და იზრდება მის ყველა შრეში შიგნიდან გარეთ. სიმსივნეს შეუძლია გავრცელდეს სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. მსხვილ ნაწლავის კიბოს დროს ხშირ შემთხვევაში ზიანდება ღვიძლი.
მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკა
მსხვილი ნაწლავის კიბოთი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დაავადება ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მკურნალობას ექვემდებარება. კიბოსწინარე პოლიპებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული სტადიის სადიაგნოზოდ რეკომედებულია რეგულარული გამოკვლევა (სკრინინგი).
მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა
მკურნალობის მეთოდის არჩევა ეფუძნება სიმსივნური პროცესის სტადიის შეფასებას, სიმსივნის ლოკალიზაციას, სიმსივნის ქსოვილოვანი შენების თავისებურებებს, პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობას. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიაა. შორსწასული მეტასტაზების არარსებობისას სრულდება რადიკალური ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება სიმსივნის მოცილება დაზიანებულ ქსოვილებთან და რეგიონულ ლიმფურ კვანძებთან ერთად, მეტასტაზირების პრევენციის მიზნით. ქირურგიული მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.
სხივური თერაპია – ეს არის მკურნალობა მაიონიზებელი გამოსხივებით. სხივური თერაპია ხშირად გამოიყენება როგორც ქირურგიული მკურნალობის და ქიმიოთერაპიის დამხმარე მეთოდი კიბოს რეციდივის რისკის შესამცირებლად.
ქიმიოთერაპია მიეკუთვნება სისტემური მოქმედების მეთოდს, რომელიც გამოიყენება: სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად, სიმსივნის ზრდის ხანგრძლივი დროით შესაჩერებლად, სიმსივნის ზომის შესამცირებლად ოპერაციის ან სხივური თერაპიის წინ, მიკრომეტასტაზების გასანადგურებლად, რომელიც შესაძლოა სიმსივნის მოკვეთამდე ან მის შემდეგ განვითარებულიყო. ქიმიოთერაპია – ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული პრეპარატები ავლენენ სიმსივნური უჯრედების დამშლელ ეფექტს.
ოპერაციის შემდგომი ქიმიოთერაპია გამოიყენება დაავადების რეციდივისა და პროგრესირების რისკის შესამცირებლად. მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულმა პაციენტმა, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია, აუცილებლად უნდა გაიაროს ონკოლოგის კონსულტაცია ოპერაციის შემდგომი (ადიუვანტური) ქიმიოთერაპიის სწორად შესარჩევად და მომავალში სიმსივნის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
დღეისათვის მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შემუშავებულია კომპლექსური მიდგომა. თითოეული პაციენტის მკურნალობა ძალზე ინდივიდუალურია და ხორციელდება ონკოლოგ-სპეციალისტების (ქირურგებისა, ქიმიოთერაპევტების, მორფოლოგების და სხივური თერაპევტების) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად.
მკურნალობის თანამედროვე საშუალებები
სისხლძარღვთა ზრდის ფაქტორზე მოქმედი ინოვაციური პრეპარატები ავთვისებიანი წარმონაქმნების თერაპიაში ახალი მიმართულება – ანტიანგიოგენეზური თერაპია შეიქმნა, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს მკურნალობის სტანდარტს.
ანტიანგიოგენეზური თერაპია, რომელიც საქართველოში ავასტინით არის წარმოდგენილი –პრინციპულად ახალი მიდგომაა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში. ის საშუალებას იძლევა შეაჩეროს სიმსივნის სისხლძარღვების ფორმირების პროცესი და ხელი შეუშალოს მეტასტაზირებას. ეს მოთოდი შესაძლებელი გახდა ისეთი მონოკლონური ანტისხეულების შემუშავების შედეგად, რომლებიც მიზანმიმართულად (თარგეთულად) მოქმედებენ სიმსივნის სისხლძარღვების ზრდის ფაქტორებზე.