ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. XX საუკუნის მეორე ნახევარში მკვეთრად გაიზარდა  ძუძუს კიბოს ავადობის სიხშირე. სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოუვლინდეს ყოველ მეათე ქალს.

ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში, კერძოდ  მეტასტაზირებამდე (როდესაც მეტასტაზები ვლინდება ძირითადი სიმსივნის გარეთ), ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების 95%-ზე მეტი ცხოვრობს მინიმუმ 5 წელი.

დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების მიუხედავად, 35-55 წლის ასაკის ქალებში ძუძუს კიბო ლეტალური გამოსავლის  მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა, ხოლო  საერთო ასაკობრივ ჯგუფში მას  მეორე ადგილი განეკუთვნება. ევროპაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის დაახლოებით 20% მოდის  ძუძუს კიბოზე.

უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ნორმალური უჯრედების სიმსივნური გადაგვარების მექანიზმების განსაზღვრის თვალსაზრისით. მკვლევარებმა ასევე შეძლეს, აეხსნათ სიმსივნის გამომწვევი ,,ნივთიერებების“ - კანცეროგენების და – ჩვენი ორგანიზმის ნორმალური  გენების ურთიერთქმედების თავისებურებანი.

HER2, გენი რომელიც პასუხიმგებელია HER2 ცილის გამომუშავებაზე, წარმოადგენს პროტოონკოგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ ცილა HER2-ს  გააჩნია რა რეგულირების ფუნქცია ნორმალურ უჯრედებში, მისი ფუნქციონირების  ოდნავი ცვლილების -,,შეცდომის“ შემთხვევაში იგი, პოტენციურად შეიძლება აღმოჩნდეს სიმსივნის განვითარების მიზეზი.

ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დაახლოებით 30%-ში ვლინდება HER2 ცილის სიჭარბე ანუ ჰიპერექსპრესია. ქალებში, რომლის სიმსივნეც HER2 პოზიტიურია, იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთა სიმსივნური უჯრედები არ აპროდუცირებს ცილა HER2-ს, დაავადება მიმდინარეობს უფრო აგრესიულად და სტანდარტული მკურნალობის,  მაგალითად ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ სიმსივნე უფრო სწრაფად  განიცდის პროგრესირებას. ამჟამად არსებობს სპეციფიური ტესტები  HER2 -დადებითი სიმსივნის გამოსავლენად.

  • HER2 -დადებითი სიმსივნის შემთხვევაში გაცილებით  დიდია რეციდივის  ალბათობა  მკურნალობის შემდეგ;

  • აღმოჩნდა, რომ HER2-დადებითი სიმსივნის პასუხი  ზოგიერთი სიმსივნისსაწინააღმდეგო პრეპარატით მკურნალობაზე, რომლებიც გამოიყენება სტანდარტული თერაპიის დროს ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ძალზე დაბალია.

  • HER2 ტესტირების დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ მოცემული პაციენტის ძუძუს კიბოს უჯრედები გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით  ცილა HER2 -ს. რაც თავის მხრივ, აღნიშნული ცილის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი გენის დისფუნქციის  შედეგია.

ამჟამად უკვე არსებობს HER2 - დადებითი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალო ახალი რიგის პრეპარატები,  რომელთა სამიზნესაც წარმოადგენს HER2 რეცეპტორი.