მაბტერა ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ:

  • მორეციდივე ან რეფრაქტერული, დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომა, მონოთერაპიის სახით
  • არანამკურნალევი ფოლიკულური, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომა,, პირველი რიგის ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში; იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აღწევენ სრულ ან ნაწილობრივ პასუხს ქიმიოთერაპიით და მაბტერათი კომბინირებულ მკურნალობაზე, შემანარჩუნებელი მონოთერაპიის სახით
  • არაპროგრესირებადი (სტაბილური დაავადების ჩათვლით), დაბალი ხარისხის, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომა, მონოთერაპიის სახით პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ
  • არანამკურნალევი დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი, CD20-დადებითი არაჰოჯკინის ლიმფომა, CHOP ან ანთრაციკლინის შემცველ სხვა ქიმიოთერაპიულ რეჟიმებთან კომბინაციაში
  • არანამკურნალევი და  ნამკურნალევი CD20-დადებითი ქლლ (ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზი), ფლუდარიბინთან და ციკლოფოსფამიდთან (FC) კომბინაციაში

სერიოზული ინფექციების მქონე პირებისთვის მაბტერას მიღება არ შეიძლება.

სტატუსი. აღიარებულ იქნა რა აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ 1997 წლის ნოემბერში, მაბტერა წარმოადგენს აშშ-ში კიბოს სამკურნალოდ დამტკიცებულ პირველ თერაპიულ ანტისხეულს.

მაბტერასთვის დამატებითი განაცხადი ბიოლოგიური პრეპარატის (რეგისტრაციის) ლიცენზიის მისაღებად (sBLA) დამტკიცებულ იქნა 2001 წლის აპრილში და დაემატა გამოყენების რამდენიმე ახალი ჩვენება, მათ შორის:

  • იმ პაციენტების განმეორებითი მკურნალობა მაბტერათი, რომლებსაც განუვითარდათ რეციდივი მაბტერათი საწყისი მკურნალობის შემდეგ
  • რვა ყოველკვირეული დოზის გამოყენება (თავდაპირველ ოთხ დოზასთან შედარებით) მკურნალობის  კურსის სახით არა-ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა, რომელსაც თან ახლავს დიდი ზომის ლიმფური კვანძები (ზომა > 10 სმ).

2006 წლის სექტემბერში აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა მაბტერას გამოყენების ორი დამატებითი ჩვენება CD-20 დადებითი, B-უჯრედოვანი აჰლ-ით დაავადებული პაციენტებისთვის.

2010 წლის თებერვალში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა მაბtერას გამოყენების ჩვენება ფლუდარაბინთან და ციკლოფოსფამიდთან (FC) კომბინაციაში  არანამკურნალევი და  ნამკურნალევი CD20-დადებითი ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ქლლ) მქონე პირებისთვის.

მაბტერას უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია 300-ზე მეტ II და III ფაზის კლინიკურ კვლევაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. შემდგომი დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.

  • მაბტერა არის მონოკლონური ანტისხეული, რაც გულისხმობს იმას, რომ ის მეცნიერების მიერ იყო დაგეგმილი და შექმნილი ერთი გარკვეული სახის უჯრედზე დამიზნებითი მოქმედებისთვის. მაბტერა სპეციფიკურად უკავშირდება CD20 ანტიგენს B-უჯრედების ზედაპირზე. ვარაუდობენ, რომ ამის შედეგად ის მოქმედებს ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის მეშვეობით, იწვევს რა შეტევას აღნიშნულ B-უჯრედებზე და მათ განადგურებას. ეს მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნას ავთვისებიან უჯრედებზე დამიზნებითი მოქმედებისთვის აჰლ-ით დაავადებულ პაციენტებში. მართალია, მოქმედების ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არის, მაგრამ ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მაბტერას კლინიკურ აქტივობაში სამი სხვადასხვა მექანიზმი ასრულებს როლს. ესენია:
  • ანტისხეულზე დამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიკურობა (ADCC) -  არის პროცესი,რომლის დროს სპეციფიკური უჯრედები ანტისხეულებით იფარება და ხდება სამიზნე სპეციალიზებული მკვლელი უჯრედებისთვის, როგორებიცაა ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (კილერი უჯრედები) და მაკროფაგები. ამ დროს ანტისხეულ მაბტერას ერთი ნაწილი უკავშირდება B-უჯრედებზე არსებულ CD20 ანტიგენს. იმავე ანტისხeულ მაბტერას მეორე ნაწილი უკავშირდება რეცეპტორს სპეციალიზებულ მკვლელ უჯრედებზე, როგორიცაა მონოციტები, მაკროფაგები და ბუნებრივი მკვლელი უჯრედები. ამის შემდეგ მკვლელი უჯრედები შთანთქავენ B-უჯრედს და ანადგურებენ მას.
  • კომპლემენტზე დამოკიდებული ციტოტოქსიკურობა - ამ შემთხვევაში ანტისხეული მაბტერა უკავშირდება CD20-ს B-უჯრედებზე და დასაბამს აძლევს კომპლემენტის სისტემას, რომელსაც აგრეთვე „კომპლემენტის (რეაქციების) კასკადი“ ეწოდება და უშუალოდ უჯრედის ტოქსიურობისკენ არის მიმართული. საბოლოო შედეგი არის ის, რომ წარმოიქმნება მემბრანაზე მოიერიშე კომპლექსი, რომელიც აჩენს ხვრელს უჯრედის მემბრანაში და იწვევს უჯრედის ლიზისს და სიკვდილს.
  • აპოპტოზი - ექსპერიმენტულად მიღებული მონაცემების თანახმად, მაბტერა ეკვრის და ჯვარედინად უკავშირდება CD20 ანტიგენს და ახდენს იმ მოვლენების კასკადის აქტივაციას, რომელიც საბოლოოდ B-უჯრედების  თვითმკვლელობას (თვითგანადგურებას) განაპირობებს, რასაც სხვაგვარად უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი ან აპოპტოზი ეწოდება.

B-უჯრედები და არა-ჰოჯკინის ლიმფომა

  • გარკვეულ პირობებში B-უჯრედების და T-უჯრედების ფუნქციონირება შეიძლება დაირღვეს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ავთვისებიანი (კანცერული) უჯრედების გამრავლებას. ეს ავთვისებიანი უჯრედები უკონტროლოდ იყოფა და სრულად არ დიფერენცირდება. შედეგად მიღებულ სისხლის ავთვისებიან დაავადებებს ლიმფომები, ლეიკემიები და მიელომები ეწოდება. არა-ჰოჯკინის ლიმფომა (აჰლ) სისხლის ავთვისებიანი დაავადების ერთ-ერთი სახეა, რომელიც ანომალური იმუნური უჯრედებიდან შეიძლება წარმოიშვას. არა-ჰოჯკინის ლიმფომების დაახლოებით 85% B-უჯრედებში წარმოიქმნება. აქედან გამომდინარე, აჰლ-თან ბრძოლის დასაწყებად B-უჯრედებზე დამიზნებითი მოქმედებაა საჭირო.

რატომ არის მნიშვნელოვანი B-უჯრედები?

  • თითოეული მომწიფებული B-უჯრედი ისეა აგებული, რომ შეუძლია ამოიცნოს და იპოვოს სხეულში არსებული ერთი სპეციფიკური ანტიგენი მის გარეთა ზედაპირზე არსებული გარკვეული წარმონაქმნების მეშვეობით, რომელთაც B-უჯრედების რეცეპტორები ეწოდება. B-უჯრედების რეცეპტორები ისე ერგება შესაბამის ანტიგენს, როგორც საკეტი და გასაღები. ანტიგენის შეკავშირება შესაბამის B-უჯრედის რეცეპტორთან პირველი ნაბიჯია ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავების გზაზე. ანტისხეულები აუცილებელია ინფექციებისა და დაავადებებისგან ორგანიზმის დასაცავად. ისინი Y-ფორმის მქონე პროტეინებია, რომლებიც თითქმის B-უჯრედების რეცეპტორების იდენტურია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ B-უჯრედებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში დარჩენის მაგივრად, მათი გამოყოფა ხდება სისხლის მიმოქცევაში. B-უჯრედების რეცეპტორების მსგავსად, ერთი ანტისხეული სპეციფიკურია ერთი ანტიგენის მიმართ. როდესაც ანტისხეული პოულობს მის შესაბამის ანტიგენს, ის ანეიტრალებს მას, ან მონიშნავს განადგურების მიზნით.
  • ანტისხეულების გამომუშავების გარდა, B-უჯრედები სხვა მნიშვნელოვან ზეგავლენასაც ახდენen სხვა სახის იმუნურ უჯრედებზე.
  • ანომალურად მოფუნქციონირე B-უჯრედებს სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა ან მათთვის ხელის შეწყობა შეუძლია.

როგორ უნდა მოხდეს B-უჯრედებზე დამიზნება დაავადების დროს?

  • B-უჯრედებზე არსებულ სპეციფიკურ ცილებზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული ცილა, CD20, ექსპრესირდება მომწიფებული B-უჯრედების უმრავლესობაზე, მაგრამ არა ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებზე. აჰლ-ის დროს CD20 ანტიგენის ექსპრესირებას ახდენს ავთვისებიანი B-უჯრედების 90%-ზე მეტი. მართალია, CD20 ცილის ფუნქცია ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ მათი როლის შესახებ უჯრედის ციკლის და აპოპტოზის (უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი) რეგულაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ მაბტერას გამოყენების ინსქტრუქცია.