კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკა

კოლორექტული კიბოს მკურნალობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის ადრეულ გამოვლენას, რაც ხორციელდება დიაგნოსტიკის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. ასევე აღნიშნული მეთოდების საშუალებით ხორციელდება დაავადების სტადიურობის განსაზღვრა, რაც მნიშვენოლოვანია მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრისათვის. ამასთანავე კოლორექტალური კიბოთი დაავადების თავიდან აცილების მიზნით მთელ მსოფლიოში უდიდესი როლი ენიჭება სკრინინგს, ანუ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაავადების განვითარების რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებში, რათა დროულად მოხდეს კიბოს წინარე დაავადებების დროული გამოვლენა და მკუნალობა.
სკრინინგი
სკრინინგული ტესტების მეშვეობით ექიმს საშუალება ეძლევა გამოავლინოს პოლიპები ან კიბო მისი სიმპტომების განვითარებამდე. პოლიპების აღმოჩენი-თა და მათი მოცილებით შესაძლებელია კოლორექტული კიბოს თავიდან აცილება. აგრეთვე, კოლორექტული კიბოს მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენისას.
პოლიპებისა და კოლორექტული კიბოს ადრეული გამოვლენისათვის:
- აუციელებელია 50 წელს გადაცილებული პირების სკრინინგი;
- ადამიანები, რომლებსაც კოლორექტული კიბოს განვითარების საშუალოზე მაღალი რისკი აქვთ, უნდა გაესაუბრონ ექიმს 50 წლის ასაკამდე სკრინინგული გამოკვლევების ჩატარების, გამოკვლევის ტიპის, თითოეული გამოკვლევის რისკის, სარგებელის და გრაფიკის შესახებ.
კოლორექტული კიბოს სკრინინგი გამოიყენება ნაწლავის პოლიპების ან სხვა პათოოლოგიური პროცესების გამოსავლენად. Eექიმი უფრო დეტალურად აგიხსნით თითოეული გამოკვლევის შესახებ:
განავლის ტესტი ფარულ სისხლდენაზე:
ხანდახან კიბო ან პოლიპები იწვევენ უმნიშვნელო სისხდენას. Aამ ტესტის მეშვეობით შესაძლებელია განავალში სისხლის სულ მცირე რაოდენობის აღმოჩენა, მაშინაც კი, როცა სისხლის თვალით დანახვა შეუძლებელია. თუ ამტესტით ფეკალურ მასაში გამოვლინდება სისხლის არსებობა, საჭირო ხდება დამატებითი გამოკვლევების ჩატარება სისხლდენის წყაროს გამოსავლენად. კეთილთვისებიანმა დაავადებებმა (მაგ. ბუასილი) შეიძლება გამოიწვიონ განავალში სისხლის არსებობა.
სიგმოიდოსკოპია:
სიგმოიდოსკოპის მეშვეობით ექიმი გამოიკვლევს სწორ ნაწლავსა და კოლინჯის ქვედა ნაწილს ლორწოვანის მხრიდან. პოლიპების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი მათ მოაცილებს. პოლიპების მოცილების პროცედურას პოლიპექტომიას უწოდებენ.
კოლონოსკოპია:
სწორი ნაწლავისა და კოლინჯის ტოტალური გამოკვლევა, რაც ხორციელდება გრძელი დრეკადი მილის მეშვეობით, რომელსაც კოლონოსკოპს უწოდებენ. პოლიპების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი ჩაატარებს პოლიპექტომიას.
ორმაგი კონტრასტირება ბარიუმის ფაფის ოყნის გამოყენებით:
ამ მეთოდის დროს კეთდება ოყნა ბარიუმის ფაფით. ამავდროულად, ჰაერს ტუმბავენ სწორ ნაწლავში. ამის შემდეგ ხდება კოლინჯისა და სწორი ნაწლავის რენტგენოლოგიური სურათების გადაღება. ბარიუმისა და ჰაერის მეშვეობით ხდება კოლინჯისა და სწორი ნაწლავის გამოსახულების მიღება. სურათზე, აგრეთვე, შეიძლება გამოჩნდეს პოლიპები ან კიბო.
სწორი ნაწლავის პალპირება (თითით გასინჯვა):
სწორი ნაწლავის პალპირება ხშირად რუტინული გამოკვლევის ნაწილია. ამ დროს ექიმი თითის მეშვეობით სინჯავს სწორ ნაწლავში შესაძლო პათოლოგიის არსებობას.
დიაგნოსტიკა
თუ სკრინინგული გამოკვლევების შედეგები მიუთითებენ კიბოს არსებობაზე ან სახეზეა დამახასიათებელი სიმპტომები, ექიმმა უნდა გაარკვიოს გამოწვეულია თუ არა ეს კიბოთი ან სხვა მიზეზით. ექიმი გამოგკითხავთ პირად და ოჯახურ სამედიცინო ისტორიას და გაგსინჯავთ. მან შეიძლება დანიშნოს “სკრინინგ”-ის ზემოთ აღწერილი გამოკვლევები. თუ გასინჯვის და ტესტების შედეგები არ მიუთითებენ კიბოს არსებობაზე, ექიმმა შესაძლოა აღარ დანიშნოს დამატებითი ტესტები და შესაბამისად მკურნალობა. თუმცა, მან შეიძლება შემოგთავაზოთ, მომავალში რეგულარულად ჩაიტაროთ შემოწმებები. თუ ტესტები პათოლოგიური უბნის არსებობაზე მიუთითებენ (როგორიცაა პოლიპები), შესაძლოა საჭირო გახდეს არსებული პათოლოგიური უბნიდან ქსოვილის მცირე ნაწილის აღება - ბიოფსია, რათა შემოწმდეს იგი კიბოს უჯრედების არსებობაზე. პათოლოგიური ქსოვილის ამოკვეთა შესაძლებელია კოლონოსკოპიის ან სიგმოიდოსკოპიის დროს. მორფოლოგი ამოწმებს ქსოვილში კიბოს უჯრედების არსებობას მიკროსკოპის მეშვეობით.
თუ ბიოფსიის შედეგი მიუთითებს კიბოს არსებობაზე, ექიმმა უნდა იცოდეს დაავადების ხარისხი (სტადია), რათა სწორად შეარჩიოს მკურნალობის საუკეთესო საშუალება. სტადია დამოკიდებულია იმაზე, შეიჭრა თუ არა სიმსივნე ირგვლივმდებარე ქსოვილებში; გავრცელდა თუ არა კიბო და თუ გავრცელდა, სხეულის რომელ ნაწილებში. ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი გამოკვლევები:
სისხლის ანალიზი:
ექიმი შეამოწმებს სისხლში კარცინოემბრიონული ანტიგენის და სხვა ნივთიერებების შემცველობის მაჩვენებელს. კოლორექტული კიბოს ან სხვა მდგომარეობის მქონე პირებში ხშირად აღინიშნება კარცინოემბრიონული ანტიგენის დონის მომატება.
კოლონოსკოპია:
თუ კოლონოსკოპია არ ჩატარებულა დიაგნოზის დასმის მიზნით, კოლონოსკოპის მეშვეობით ექიმი შეამოწმებს პათოლოგიური უბნების არსებობას კოლინჯისა და სწორი ნაწლავის მთელ სიგრძეზე.
ენდორექტალური ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ულტრაბგერითი გადამწოდი თავსდება სწორ ნაწლავში. გადამწოდი უშვებს ხმოვან ტალღებს, რომელსაც ადამიანი ვერ აღიქვამს. ეს ტალღები აირეკლება სწორი ნაწლავიდან და მიმდებარე ქსოვილებიდან, ხოლო კომპიუტერი ექოს იყენებს გამოსახულების მისაღებად. სურათი გვიჩვენებს, თუ რამდენად ღრმადაა ჩაზრდილი სიმსივნე ნაწლავის კედელში და გავრცელდა თუ არა კიბო ლიმფურ კვანძებზე ან მიმდებარე ქსოვილზე.
გულმკერდის რენტგენოსკოპია:
გულმკერდის რენტგენოსკოპიით გაირკვევა, ხომ არ გავრცელდა კიბო ფილტვებზე.
კომპიუტერული ტომოგრაფია:
რენტგენოსკოპიული დანადგარი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან, იღებს სხეულის შიდა უბნების დეტალური სურათების სერიას. პროცედურის ჩატარების წინ შესაძლოა ნემსით შეიყვანონ კონტრასტი. კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება განისაზღვროს გავრცელდა თუ არა კიბო ღვიძლზე, ფილტვებზე ან სხვა ორგანოებზე.
კიბოს გავრცელების დასადგენად შესაძლოა გამოყენებულ იყოს სხვა მეთოდებიც (მაგ. მაგნიტურრეზონანსული გამოკვლევა). ხანდახან სტადიის ზუსტი დადგენა ვერ ხერხდება სისმივნის ქირურგიული გზით ამოკვეთამდე.