რისკის ფაქტორები და სიმპტომები


რისკის ფაქტორი წარმოადგენს რაიმე მდგომარეობას, რომელიც ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას. შესაძლებელია არა-ჰოჯკინის ლიმფომის განვითარება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ფაქტორების გარეშეც, თუმცა რაც უფრო მეტი რისკის ფაქტორი აღინიშნება, მით უფრო მეტია ამ დაავადების განვითარების ალბათობაც. 
არა-ჰიჯკინის ლიმფომის განვითარების რისკის ფაქტორებს წარმოადგენენ:

იმუნური სისტემის დეფიციტი
ადამიანები დასუსტებული იმუნური სისტემით იმყოფებიან არა-ჰოჯკინის ლიმფომის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. მაგ., ორგანოების (თირკმელი, ღვიძლი, გული) ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტს ენიშნება იმუნიტეტის დამრთგუნველი მედიკამენტები (იმუნოსუპრესანტები), ორგანიზმის იმუნური რეაქციის აღსაკვეთად ახალ ორგანიზე. ასეთი პაციენტებს აქვთ არა-ჰოჯკინის ლიმფომის განვითარების მაღალი რისკი.


აუტოიმუნური დაავადებები
ისეთი დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლირა, ცელიაკია სპრუ და სხვა, დაკავშირებულია არა-ჰოჯკინის ლიმფომის განვითარების გაზრდილ სიხშირესთან. 
აუტოიმუნური დაავადებების დროს იმუნური სისტემა ორგანიზმის საკუთარ ქსოვილებს აღიქვამს როგორც უცხოს და ებრძვის მათ. ლიმფოციტები წარმოადგენენ ორგანიზმის იმუნური სისტემის შემადგენელ ნაწილს. ამ დროს ზედმეტად გააქტიურებული იმუნური სისტემა იწვევს ლიმფოციტების ჭარბ ზრდასა და დაყოფას ნორმასთან შედარებით, რასაც შესაძლებელია მათი ლიმფომის უჯრედებად გარდაქმნის რისკის გაზრდა მოყვეს. 

 
ინფექციები
ზოგიერთმა ინფექციამ შეიძლება სხვადასხვა გზით გაზარდოს არა-ჰოჯკინის ლიმფომის განვითარების რისკი 
ინფექციები, რომლებიც პირდაპირ ახდენენ ლიმფოციტების ტრანსფორმაციას
ზოგიერთი ვირუსი პირდაპირ ზემოქმედებს ლიმფოციტების დნმ-ზე, რაც ხელს უწყობს მათ ავთვისებიან გადაგვარებას. ამ გზით მოქმედებენ ადამიანის  თ-უჯრედის ლეუკემია/ლიმფომის ვირუსი (HTLV-1) და ეფშტეინ-ბარის ვირუსი (EBV). HTLV-1- ით ინფიცირება ზრდის თ –უჯრედული ლიმფომის ზოგიერთი ტიპის განვითარების რისკს. აღნიშნული ვირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია იაპონიასა და კარიბის ზღვის რეგიონში,
ეფშტეინ-ბარის ვირუსი ასოცირებულია ბურკიტის ლიმფომასთან აფრიკის ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში ეფშტეინ-ბარის ვირუსი უფრო დაკავშირებულია ლიმფომის განვითარებასთან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) მქონე ადამიანებში. 
ინფექციები, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი იწვევს იმუნური სისტემის დეფიციტს. იგი წარმოადგენს ბურკიტის ლიმფომის და დიფუზური B -მსხვილ უჯრედოვანი ლიმფომის განვითარების მაღალ რისკს.


ინფექციები, რომლებიც იწვევენ ქრონიკულ იმუნურ სტიმულაციას
ზოგიერთმა ქრონიკულმა ინფექციამ შეიძლება გაზარდოს ლიმფომის განვითარების რისკი, იმუნური სისტემის მუდმივი განგაშის მდგომარეობაში ყოფნის გამო. რაც უფრო მაღალია ლიმფოციტების წარმოქმნის სიხშირე ინფექციასთან ბრძოლის პროცესში, მით უფრო მეტია გენეტიკური შეცდომის ალბათობა, რასაც მოყვება ნორმალური ლიმფოციტის ლიმფომურად გარდაქმნა. 
Helicobacter Pylori, ბაქტერია, რომელიც იწვევს კუჭის წლულს, ასევე დაკავშირებულია კუჭის ლორწოვანი გარსთან ასოცირებული ლიმფოიდური ქსოვილის (MALT) ლიმფომასთან.  ორგანიზმის იმუნური რეაქცია ამ ინფექციაზე ზრდის ლიმფომის რისკს.
ჰეპატიტის C ვირუსიც წარმოადგენს ქრონიკულ ინფექციას. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ინფექცია 6-ჯერ ზრდის არაჰოჯკინის ლიმფომის განვითარების რისკს ჩვეულებრივ პოპულაციასთან შედარებით.

 
ასაკი
არაჰოჯკინის ლიმფომის განვითარების ალბათობა მატულობს ასაკთან ერთად. 20 წლის ადამიანებში მისი განვითარების ალბათობა არის 4 100 ათას-ში, მაშინ როდესაც 60 წლის ასაკში ალბათობა 45 100 ათასში, ხოლო 80 წლის ასაკში 75 100 ათასში.


სქესი
მამაკაცებში არაჰოჯკინის ლიმფომა შედარებით უფრო ხშირია.


სხელის წონა და დიეტა
კვლევების ნაწილი ადასტურებს, რომ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე წარმოადგენს არაჰოჯკინის ლიმფომის განვითარების რისკს. ასევე ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ბოსტნეულით მდიდარი დიეტა ამ რისკს ამცირებს.


ქიმიური ინტოქსიკაცია და რადიაცია
ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ პესტიციდებზე, ფერტილაიზერებზე და სხვა ტოქსიურ ნივთიერებებზე ან მიღებული აქვთ რადიაციული დასხივება მეტი შანსი აქვთ დაემართოთ არაჰოჯკინის ლიმფომა დანარჩენ პოპულაციასთან შედარებით. თერაპიული რენტგენოგრაფია და ულტრაიისფერი სხივები არ მოქმედებს არაჰოჯკინის განვითარების რისკებზე.

• სიმპტომები — შეშუპებული, უმტკივნეულო ლიმფური კვანძები კისერზე, იღლიის ფოსოებში ან საზარდულში, წონაში დაკლება, ცხელება და ჭარბი ღამის ოფლიანობა 
• სკრინინგი — დაავადების ადრეული აღმოჩენისთვის სკრინინგ-ტესტები არ არსებობს, მაგრამ დიაგნოზი შეიძლება დაისვას ლიმფური კვანძის ბიოფსიის საფუძველზე