არაჰოჯკინის ლიმფომების სტადიები 

 

დაავადების სტადია განისაზღვრება სიმსივნური პროცესის გავრცელების მიხედვით. ლიმფომის სტადიის დასადგენად მოწოდებულია მთელი რიგი გამოკვლევებისა, ვინაიდან დაავადების სტადიასა და ქვეტიპზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემდგომი მკურნალობა და პროგნოზი. ეს გამოკვლევებია:
• ფიზიკალური გასინჯვა
• სისხლის ტესტები
• ძვლის ტვინის ასპირაცია და ტრეპანობსია
• ლუმბალური პუნქცია (შესაბამისი ჩვენებების დროს)
• გამოსახულებითი ტესტები

სისტემას, რომლის მიხედვითაც ხდება სტადიის დადგენა უწოდებენ ANN Arbor-ს.
სტადიები ინომრება რომაული ციფრებით I-IV-მდე. თუ პაციენტს აღენიშნება B სიმპტომებიც (წონის კლება, ღამის ოფლიანობა, მაღალი T), სტადიის ნომერს ემატება B ასოც. ამ სიმპტომოკომპლექსის არარსებობის შემთხვევაში იწერება ასო A. თუ დაავადება ლიმფური კვანძიდან გავრცელებულია რომელიმე ორგანოში, სტადიის ნიშნულს ემატება ასო E.


I სტადია:  დაავადება მოიცავს ერთ ლიმფურ კვანძს ან ერთი რეგიონის ლიმფურ კვანძებს, მაგ., კისრის, საზარდულის ან იღლიის 
  
II სტადია: დაავადება ლიმფური კვანძების ორ სხვადასხვა რეგიონშია გავრცელებული, მაგრამ ისინი მდებარეობენ დიაფრაგმის     ერთ მხარეს

III სტადია: დაავადება ვრცელდება მხოლოდ ლიმფურ კვანძებში, მაგრამ დიაფრაგმის სხვადასხვა მხარეს

IV სტადია: დაავადება გავრცელებულია ერთ ან რამდენიმე ორგანოში, კანში, ძვლის ტვინში


საერთაშორისო პროგნოზული ინდექსი


ეს ინდექსი შემუშავდა რათა განისაზღვროს დაავადების გამოსავალი. ინდექსი განისაზღვრება 5 ფაქტორით. ჩამონათვალში განსაკუთრებით მძიმე პროგნოზული ფაქტორები გამოყოფილია მუქი შრიფტით;
• ასაკი (60 წლამდე ან 60 წელს ზევით)
• სტადია (I და II-თან შედარებით III და IV უფრო მძიმეა)
• ლიმფომის გავრცელება ლიმფურ კვანძს გარეთ
• ფუნქციური სტატუსი (ნორმალური ფუნქციური აქტივობის უნარი ან საჭიროებს დახმარებას ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობაში) 
• შრატში LDH (სწრაფად მზარდი სიმსივნეების დროს ვლინდება სისხლში. ინდექსი განისაზღვრება LDH-ის ნორმალური ან მომატებული ციფრების მიხედვით)
ერთ მძიმე პროგნოზულ ფაქტორს ენიჭება 1 ქულა. პროგნოზული ინდექსის მიხედვით გამოყოფენ ლიმფომების 4 კატეგორიას. დაბალი კატეგორიის (0 ან 1 ქულა) პაციენტებს აქვთ მსუბუქი პროგნოზული ფაქტორები (ახალგაზდრდა ასაკი, I სტადია, შენარჩუნებული შრომისუნარიანობა და ა.შ.). მაღალი (4 ან 5 ქულა) კატეგორიის პაციენტებს აღენიშნებათ ყველა, ან უმეტესი ნაწილი მძიმე პროგნოზული ფაქტორებისა (ასაკი 60 წელს ზევით, ბოლო სტადიები, LDH-ის მაღალი დონე, შრომისუუნარობა და ა.შ.)
პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა ლიმფომის ტიპზე, არამედ კატეგორიაზე, რომე;ლსაც იგი მიეკუთვნება თავისი მონაცემებით. მაგ., 0-1 ქულიანი პაციენტების 75% ცოცხლობს 5 წელზე მეტ ხანს, როცა მაღალი კატეგორიის პაციენტთა 30%-ს აღენიშნება გადარჩენადობის 5 წლიანი მაჩვენებელი. პროგნოზული ინდექსის განსაზღვრა ექიმს უკეთ ეხმარება მკურნალობის კურსის განსაზღვრაში, ვიდრე მხოლოდ მორფოლოგიური დასკვნა და/ან სტადიის დადგენა.