როგორ ხდება არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზის დასმა?

სიმპტომები
არაჰოჯკინის ლიმფომის სიმპტომები დამოკიდებულია მის პირველად ლოკალიზაციაზე. ხშირად დამახასიათებელია თვალით შესამჩნევი, პალპაციისას უმტკივნეულო ზედაპირული ლიმფური კვანძები. მას ამჩნევს თვითონ პაციენტი, ოჯახის წევრი ან ექიმი. თუ მუცლის ღრუს ლიმფური კვანძებია დაინტერესებული, ასეთ შემთხვევაში მუცელი გადიდებულია. თუ ლიმფომა იწვევს ნაწლავის ირგვლივ მდებარე ლიმფოიდური ქსოვილის შეშუპებას, პაციენტს აღენიშნება დისკომფორტი ან ტკივილი მუცელში. თიმუსში აღმოცენებული ლიმფომა ახდენს ტრაქეაზე ზეწოლას, რაც იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. ამავე მიზეზით შეიძლება მოხდეს დიდი ზომის ვენების კომპრესია, რის შედეგადაც ვითარდება თავისა და ზემო კიდურების შეშუპება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ლიმფომა პირველადი ლოკალიზაციით ცნს-ში იწვევს თავის ტკივილს, აზროვნების შეზღუდვას, მოტორული ფუნქციის დათრგუნვას და ზოგჯერ ეპილეფსიურ გულყრებს. 
გარდა აღნიშნულისა, არაჰოჯკინის ლიმფომას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: წონის დაკარგვა, ცხელება, ჭარბი ოფლიანობა ღამით და ქავილი. სამწუხაროდ, ამ ნიშნების არსებობა დაავადების ცუდ გამოსავალზე მიუთითებს.

ფიზიკალური გამოკვლევა და ანამნეზი
გადიდებული ლიმფური კვანძების, ადენოიდების, ტონზილების, ელენთის ან ღვიძლის, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება ეჭვი მიიტანოს არაჰოჯკინის ლიმფომაზე
ბიოფსია
ერთადერთი გზა არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზის დასასმელად. არსებობს ბიოფსიის რამოდენიმე სახე, რომლის არჩევაც დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. კანის გაკვეთის შემდეგ ქირურგი იღებს ლიმფურ კვანძს მთლიანად ან ამოკვეთს მცირე ზომის ნიმუშს. თუ ლიმფური კვანძი ზედაპირთან ახლოს მდებარეობს, ეს მანიპულაცია საკმაოდ ადვილია და კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. ლიმფური კვანძის გულმკერდის ან მუცლის ღრუში მდებარეობისას მიმართავენ ზოგად ანესთეზიას.
ძვლის ტვინის ასპირაცია და ტრეპანობიოფსია
ძვლის ტვინის ასპირაციის დროს ნემსს ამოაქვს ძვლის ტვინის მცირე ულუფები, ხოლო ტრეპანობიოფსიით ვიღებთ 2,5 სმ სიგრძის და 0.4 სმ სიგანის ცილინდრის ფორმის ქსოვილოვან მასალას, რომელიც მოიცავს ძვალსაც და ძვლის ტვინსაც.  
ლაბორატორიული ტესტები 
ბიოფსიური მასალის გამოკვლევა ხდება მიკროსკოპის საშუალებით ექიმი-მორფოლოგის მიერ, რომელიც აკვირდება უჯრედების ზომას, ფორმას და მათი განლაგების მოდელს ლიმფურ კვანძში. Mორფოლოგი, რომელიც სპეციალიზებულია ლიმფომებზე, ადვილად არჩევს დაავადების ტიპებს ერთმანეთისგან, რისთვისაც ხშირად მიმართავს სპეციფიურ ლაბორატორიულ ტესტებს, როგორიცაა: იმუნოჰისტოქიმია და გამდინარე ციტომეტრია.
იმუნოჰისტოქიმია: აღნიშნული კვლევისას ბიოფსიური მასალა მუშავდება სპეციფიური რეაქტივებით – ანტისხეულებით, შედეგად ხდება უჯრედების მონიშვნა – შეფერადება (“ლაბორატორიული საღებავით”). ეს მეთოდი წარმოადგენს აუცილებელ და მნიშვნელოვან პირობას დიაგნოზის დადგენისთვის და დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწორ და ოპტიმალურ მკურნალობას.
ციტოგენეტიკა: ამ მეთოდით დგინდება უჯრედის ქრომოსომულ აპარატში არსებული ცვლილებები. ნორმაში ადამიანის უჯრედი შეიცავს 46 ქრომოსომას. სიმსივნურ (ლიმფომის) უჯრედებში ხშირად ადგილი აქვს ქრომოსომთა რიცხვის მატებას.
მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა: ლიმფომის უჯრედების დნმ-ის გამოკვლევა ავლენს იმ ტრანსლოკაციებს, რომელიც არ ჩანს ციტოგენეტიკური კვლევისას (საუბარია ქრომოსომების ძალიან მცირე უბნების გადაადგილებაზე)
კვლევის გამოსახულებითი მეთოდები: ამ მეთოდებს მივმართავთ ორგანიზმში სიმსივნის გამოვლენის, ლოკალიზაციის და გავრცელების დადგენის მიზნით, რაც გვეხმარება სტადიის დადგენაში
გულმკერდის რენტგენოგრაფია: მისი მეშვეობით აღმოვაჩენთ გადიდებულ ლიმფურ კვანძებს გულმკერდის ღრუში; აგრეთვე, სითხეს პლევრაში ან სიმსივნურ წარმონაქმნს ფილტვებში
ულტრასონოგრაფიული კვლევა: იგი გამოიყენება მუცლის ღრუს ორგანოების ვიზუალიზაციისთვის და მუცელში სიმსივნური წარმონაქმნების დასადგენად
კომპიუტერული ტომოგრაფია: წარმოადგენს რენტგენოსკოპიულ პროცედურას, რომელიც იძლევა მთლიანი სხეულის შრეობრივ სურათს. თუ ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიით ვიღებთ ერთ სურათს, CT გვაძლევს მრავალ სურათს სხვადასხვა ჭრილში. მონაცემთა კომპიუტერული დამუშავებით მიიღება სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ზუსტი დეტალური გამოსახულება. მას მიმართავენ მოცლის ან მენჯის ღრუში, გულმკერდსა და თავკისრის მიდამოში ლოკალიზებული ლიმფომების გამოსავლენად. სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს ამ გამოკვლევის კიდევ ერთ სახეს, რომელიც იძლევა მაქსიმალურად დეტალურ გამოსახულებას. CT ასევე გამოიყენება სიმსივნური წარმონაქმნიდან ბიოფსიის აღებისას ნემსის დასამიზნებლად, რასაც უწოდებენ ბიოფსიას CT კონტროლით.