skip to the content
28/11/2011

ოსტეოპოროზის ეპიდემიოლოგია

ოსტეოპოროზი, მისი ფართო გავრცელების გამო, სადღეისოდ განიხილება თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად. ექპერტთა შეფასებით ოსტეოპოროზით დაავადებულია 200 მილიონზე მეტი ადამიანი. ოსტეოპოროზი აღენიშნება პოსტმენოპაუზურ პერიოდში ქალების დაახლოებით 30% და 50 წელს გადაცილებული მამაკაცების  15-20%-ს. ზემოაღნიშნული ქალებიდან სულ მცირე 40%,  უვითარდება მოტეხილობა მინიმალური ტრავმის პირობებში  მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთხელ ან მეტჯერ. მთელ მსოფლიოში პოპულაციის დაბერების პროცესის პროგრესული ზრდა იწვევს მოტეხილობის რიცხვის  მატებას.  მსოფლიო ტენდეციის მიხედვით მხოლოდ მოსახლეობის დაბერების ხარჯზე ბარძაყის ძვლის მოტეხილობის სიხშირე გაიზრდება 2-ჯერ  2005- 2050 წლების პერიოდში.   

კვლევებით გამოვლინდა, რომ პირველადი მოტეხილობა მნიშვნელოვნად ზრდის შემდგომი მოტეხილობების რისკს. იმ  პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ მოტეხილობა, სხვადასხვა ლოკალიზაციის განმეორებითი მოტეხილობის ალბათობა შეადგენს 86%. ასევე, ანამნეზში ვერტებრული მოტეხილობის მქონე პირებში, ბარძაყის ძვლის განმეორებითი მოტეხილობის რისკი გაზრდილია 2,3-ჯერ, ხოლო წინამხრის მოტეხილობის რისკი - 1,4-ჯერ.

ხერხემლის მოტეხილობები. ხშირ შემთხვევაში ვერტებრული მოტეხილობების გამოვლენა ვერ ხერხდება.  აღნიშნული ტიპის მოტეხილობების  10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია; გარდა ამისა, მას  შეიძლება ახლდეს მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირება.

ევროპაში რადიოლოგიური გამოკვლევებით გამოვლენილი ვერტებრული მოტეხილობების სიხშირეს ადარებენ ქალებსა (საშუალოდ 12%, მერყეობს 6-21% ფარგლებში) და  მამაკაცებში (12%, მერყეობს 8-20% ფარგლებში); ამასთან აღსანიშნავია რომ, მისი მაჩვენებელი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. მამაკაცებში ვერტებრული მოტეხილობების მიზეზი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა იყოს საწარმოო ტრავმა. განმეორებითი მოტეხილობა ხშირად ვითარდება მომიჯნავე მალებში, უპირატესად ხერხემლის გულმკერდის შუა ნაწილისა და გულმკერდ-წელის მონაკვეთებში.
ასაკის მიხედვით სტანდარტიზებული ხერხემლის მორფომეტრული მოტეხილობების სიხშირე ქალებში შეადგენს 10,7,  ხოლო მამაკაცებში 5,7  1000 ადამიანი-ასაკი მაჩვენებლის მიხედვით; ამასთან, სიხშირე მატულობს ორივე სქესის წარმომადგენლებში.

ბარძაყის მოტეხილობები. ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ასოცირდება ინვალიდობისა და სიკვდილობის ძალიან მაღალ ციფრებთან. ბარძაყის ძვლის გადატანილი მოტეხილობთ, ქალთა პოპულაციაში სიკვდილობის მაჩვენებელი 10-20%-ით მაღალია მოსალოდნელთან შედარებით ასაკის გათვალისწინებით. ყოველწლიურად რეგისტრირებულია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის 1,7 მილიონი შემტხვევა მთელი მსოფლიო მასშტაბით.
სხვადასხვა ქვეყანაში ბარძაყის მოტეხილობის სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მოტეხილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლინდება სკანდინავიის ქვეყნებსა და ჩრდილო-ამერიკაში, ყველაზე დაბალი კი სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. აღნიშნული ლოკალიზაციის მოტეხილობები უფრო ხშირია ქალებში, გარდა ამისა, მოტეხილობათა  90% ვითარდება 50 წელს გადაცილებულ პირებში.

წინამხრის მოტეხილობა. წინამხრის მოტეხილობა უპირატესად გვხვდება 65 წელს გადაცილებულ ქალებში. ევროპეიდული რასის 40-დან 60 წლამდე ასაკის  ქალბატონებში ნაჩვენებია აღნიშნული ლოკალიზაციის მოტეხილობის სიხშირის მატება; შემდგომ ასაკობრივ ჯგუფებში სიხშირე სტაბილიზდება ან იზრდება უმნიშვნელოდ. შემთხვევათა მხოლოდ 15% მოდის მამაკაცებზე, ასაკის მიუხედავად.
ევროპის მოსახლეობაში წინამხრის მოტეხილობის ყოველწლიური სიხშირის მაჩვენებელი ქალებში შეადგენს 7,3, ხოლო მამაკაცებში -1,7  1000 ადამიანი-ასაკი ერთეულის მიხედვით.

შეფარდებითი მონაცემები სხვა ქრონიკულ დაავადებებთან. აღსანიშნავია, რომ ოსტეოპოროზი უფრო მეტად არის გავრცელებული ვიდრე რიგი სხვა დაავადებები, რომლებზეც გაცილებით მეტად არის ყურადღება გამახვილებული. მაგ.: ევროპეიდული რასის ქალბატონებში ძუძუს კიბოს გავრცელების სიხშირე შეადგენს 9-დან 1-ს, მაშინ როცა ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევები იგივე პოპულაციაში გაცილებით მეტია, კერძოდ 6-დან 1. ბარძაყის ძვლის, ხერხემლის და წიმანხრის მოტეხილობების კომბინირებული რისკი მთელი ცხოვრების მანძილზე შეადგენს 40% და მისი შედარება შესაძლებელია კარდიოლოგიური დაავადებების რისკთან. 45 წლის ქალბატონების საავადმყოფოში გატარებული დღეების დიდი ნაწილი მოდის ოსტეოპოროზით განპირობებულ ჰოსპიტალიზაციაზე, ისეთ დაავადებებთან შედარებით, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და სარძევე ჯირკვლის კიბო. სკნდინავიის ქვეყნებში ბარძაყის ძვლის მოტეხილობის  რისკს, მთელი ცხოვრების მანძილზე, ადარებენ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ალბათობასთან.
პროგნოზი. სტატისტიკური გამოთვლებით დადგინდა, რომ 2050 წლისათვის მთელი მსოფლიო მასშტაბით ბარძაყის ძვლის მოტეხილობის სიხშირე ქალბატონებში გაიზრდება 240%, ხოლო მამაკაცებში 310%-ით. ყოველწლიურად ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რეგისტრირებული შემთხვევები მატულობს 1,6 მილიონიდან (1990წ)  6,6 მილიონამდე (2050წ).

 

დამატებით იხილეთ

 

ოსტეოპოროზი

რას წარმოადგენს ოსტეოპოროზი 

ოსტეოპოროზის განვითარების მექანიზმი და გამომწვევი მიზეზები

ოსტეოპოროზის კლასიფიკაცია

ძვლის ბიოლოგია

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა

დენსიტომეტრია

ოსტეოპოროზის მკურნალობა

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

ოსტეოპოროზული მოტეხილობის პროფილაქტიკა

კვება ოსტეოპოროზის დროს

Ca-ით მდიდარი კერძების რეცეპტები

ვარჯიშები

ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები

ბონვივას გამოყენების ინსტრუქცია (აბები)

ბონვივას გამოყენების ინსტრუქცია (საინექციო ხსნარი)

ოსტეოპოროზი - XXI საუკუნის პრობლემა (პაციენტის გაზეთი)

პაციენტის გაზეთი