მაბტერა არა-ჰოჯკინის ლიმფომის დროს

მაბტერა არა-ჰოჯკინის ლიმფომის დროს

 მაბტერა არის ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ აღიარებული პირველი კიბოს საწინააღმდეგო დამიზნებითი პრეპარატი. მაბტერა დამტკიცებულია გარკვეული ტიპის არა-ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული პირებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში მაბტერას უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია II/III ფაზის 300-ზე მეტ კლინიკურ კვლევაში. 
არა-ჰოჯკნის ლიმფომა რიგით მეექვსე ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული კიბოა  შეერთებულ შტატებში. შემთხვევათა დაახლოებით 85 პროცენტი გამოწვეულია ავთვისებიანი B-უჯრედებით, ლეიკოციტების სახეობით, რომელიც ორგანიზმის იმუნური სისტემის ნაწილს წარმოადგენს. B-უჯრდებს, ავთვისებიანად გარდაქმნის შემდეგ,სისხლის ავთვისებიანი სიმსივნეების, მათ შორის, არაჰოჯკინის ლიმფომის გამოწვევა შეუძლია. 
როგორ მოქმედებს მაბტერა 
• მაბტერა დამიზნებით მოქმედებს B-უჯრედების ზედაპირზე მდებარე სპეციფიკურ ცილაზე, რომელსაც CD20 ეწოდება. მიიჩნევენ, რომ მაბტერა ორგანიზმის იმუნური სისტემის მეშვეობით ახდენს CD20-დადებითი, ავთვისებიანი B-უჯრედების ელიმინაციას 
• მაბტერას სამიზნეს არ წარმოადგენს უჯრედები, რომლებიც B-უჯრედებად უნდა გარდაიქმნან (B-უჯრედების წინამორბედები) ან ის უჯრედები, რომლებიც ანტისხეულებს გამოიმუშავებენ (პლაზმური უჯრედები) 
მაბტერას ჩვენებები. მაბტერა ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ: 
• მორეციდივე ან რეფრაქტერული, დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი აჰლ, მონოთერაპიის სახით 
• არანამკურნალევი ფოლიკულური, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი აჰლ, პირველი რიგის ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში და იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აღწევენ სრულ ან ნაწილობრივ პასუხს ქიმიოთერაპიით და მაბტერათი კომბინირებულ მკურნალობაზე, შემანარჩუნებელი მონოთერაპიის სახით 
• არაპროგრესირებადი (სტაბილური დაავადების ჩათვლით), დაბალი ხარისხის, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი აჰლ, მონოთერაპიის სახით პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ 
• არანამკურნალევი დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი, CD20-დადებითი აჰლ, CHOP ან სხვა ანთრაციკლინის შემცველ ქიმიოთერაპიულ რეჟიმებთან კომბინაციაში 
• არანამკურნალევი და  ნამკურნალევი CD20-დადებითი ქლლ, ფლუდარიბინთან და ციკლოფოსფამიდთან (FC) კომბინაციაში
სერიოზული ინფექციების მქონე პირებისთვის მაბტერას მიღება არ შეიძლება.
მაბტერას უპირატესობა არაჰოჯკინის ლიმფომის დროს 
• ფოლიკულური, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომა: მაბტერა არის აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული პირველი ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც CVP ტიპის ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში გამოყენებისას საშუალებას აძლევს ფოლიკულური, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომით (დაავადების ნელა მზარდი ფორმა) დაავადებულ პირებს, რომელთაც წინასწარი მკურნალობა არ აქვთ ჩატარებული, იცოცხლონ უფრო დიდხანს დაავადების გაუარესების გარეშე (პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა) 
• დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა: მაბტერა იყო აშშ-ს სურსათის და წამლის ადმინისტრაციის მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში დამტკიცებული პირველი ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას (საერთო გადარჩენა)  დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის (არა-ჰოჯკინის ლიმფომის აგრესიული ფორმა) მქონე მანამდე არანამკურნალევ პაციენტებში.

მაბტერა: გაფრთხილება

მაბტერა: გაფრთხილებები

მაბტერას შეუძლია ისეთი სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოწვევა, რომელთაც შეიძლება მოყვეს სიკვდილი. მათ შორისაა:

  • ინფუზიური რეაქციები: ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული რეაქციები შეიძლება განვითარდეს ინფუზიის მიმდინარეობისას ან მაბtერას მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოs თავიs ექიმს ან მიიღოs  სამედიცინო დახმარება, თუ გამოუვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები: ჭინჭრის ციება (წითელი ამობურცული ქავანა გამონაყარი) ან გამონაყარი, ქავილი, ტუჩების, ენის, ხორხის ან სახის შეშუპება, შეტევითი ხველა, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება ან მსტვინავი სუნთქვა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან გულის წასვლის გრძნობა, გულის ფრიალი (გულის აჩქარების და თრთოლვის შეგრძნება), ტკივილი გულმკერდის არეში.
  • პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (პმლ): პმლ ტვინის სერიოზული, იშვიათი, ვირუსით გამოწვეული ინფექციაა. პმლ შეიძლება განუვითარდეს მათ, ვისაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ. პმლ-მა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ან შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითება (მძიმე ფორმის უნარშეზღუდულობა). პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ თავიანთ ექიმს, თუ მათ აღენიშნათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი: ცნობიერების დაბინდვა ან აზროვნების პრობლემები, წონასწრობის დარღვევა, ცვლილება მათთვის დამახასიათებელი სიარულის ან საუბრის მანერაში, ძალის შემცირება ან სისუსტის შეგრძნება სხეულის ცალ მხარეს, მხედველობის დაბინდვა ან  დაქვეითება.
  • სიმსივნის ლიზისის სინდრომი (სლს): სლს გამოწვეულია სიმსივნური უჯრედების სწრაფი დაშლით და შეიძლება გამოვლინდეს მაბtერათი მკურნალობისas. სლს-მა  შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების უკმარისობის განვითარება და დიალიზით მკურნალობის საჭიროება. სლს-მა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.
  • მძიმე რეაქციები კანის და პირის ღრუს მხრივპაციენტებს შეიძლება გამოაჩნდეთ მტკივნეული დაზიანებები კანზე ან პირის ღრუში, წყლულები, ბებერები, ან კანის აქერცვლა მაბტერას მიღების პერიოდში ან მისი მიღების შემდეგ.
  • მაბტერასთან ასოცირებულია აგრეთვე სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები, მათ შორის: B ვირუსული ჰეპატიტის ინფექციის გააქტიურება ღვიძლის უეცარი და სერიოზული პრობლემებით, მათ შორის ღვიძლის უკმარისობით და სიკვდილით, სხვა სერიოზული ინფექციები, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ სიკვდილი, გულის პრობლემები, თირკმლების პრობლემები, კუჭის და ნაწლავების სერიოზული პრობლემები ნაწლავების გაუვალობის და ნაწლავების პერფორაციის ჩათვლით.
  • არა-ჰოჯკინის ლიმფომით (აჰლ) დაავადებულ პაციენტებში მაბtერას ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ინფუზიური რეაქციები, ცხელება, შემცივნება, ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, ინფექციები,  სხეულის ტკივილი და დაღლილობა. ყველაზე ხშირი სერიოზული გვერდითი ეფექტი აჰლ-ით დაავადებულ პაციენტებში არის ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება.
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით (ქლლ) დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბის ყველაზე ხშირ გვერდით  მოვლენას წარმოადგენენ ინფუზიური რეაქციები და ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება.
  • ქლლ-ით დაავადებული პაციენტების უმრავლესობას მაბტერათი და FC ქიმიოთერაპიით ერთობლივი მკურნალობისას მინიმუმ ერთი სერიოზული გვერდითი ეფექტი განუვითარდა. კლინიკურ კვლევებში, ქლლ-ით დაავადებული 70 წლის ასაკის ან უფრო ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც მაბტერას FC ქიმიოთერაპიასთან ერთად ღებულობდნენ, უფრო ხშირად უვითარდებოდათ მძიმე გვერდითი ეფექტები, ვიდრე შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს, რომლებიც იგივე მკურნალობას იტარებდნენ.
  • პაციენტებმა უნდა აცნობონ თავიანთ ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელიც მათ აწუხებთ. ზემოთ მოწოდებულ ჩამონათვალში არ არის შესული მაბtერას ყველა შესაძლო გვერდით ეფექტი.

დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ მაბტერას გამოყენების ინსქტრუქცია.

მაბტერა-კვლევები

მაბტერას შემსწავლელი კლინიკური კვლევები არა-ჰოჯკინის ლიმფომის დროს


რიტუქსანის ჩვენება 

კლინიკური კვლევის მონაცემები


პირველი რიგის მკურნალობა არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ქიმიოთერაპიასთან ერთად

CVP ქიმიოთერაპიას და მაბტერას კომბინაცია ზრდის იმ დროის ხანგრძლივობას, რომელსაც არანამკურნალევი ფოლიკულური არა-ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პირები დაავადების გაუარესების გარეშე ატარებენ (პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა)
  • III ფაზის კვლევაში იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ CVP ქიმიოთერაპიის და მაბტერას კომბინაციას, დაავადების გაუარესების გარეშე გატარებული სიცოცხლე 127 პროცენტით გაიზარდა  მხოლოდ ქიმიოთერაპიით მკურნალობასთან შედარებით. პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ CVP ქიმიოთერაპიას დამატებულ მაბტერას, ცოცხლობდნენ დაახლოებით 3 წელს (2.83 წელი), შედარებით 15 თვესთან იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებმაც მხოლოდ ქიმიოთერაპიით ჩაიტარეს მკურნალობა
  • კვლევამ აჩვენა, რომ CVP ქიმიოთრაპიის და  მაბტერას კომბინაციამ  შეამცირა ფოლიკულური არა-ჰოჯკინის ლიმფომის გაუარესების, რეციდივის ან მის მიერ სიკვდილის გამოწვევის ალბათობა. 


მკურნალობის გაგრძელება პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ

CVP ქიმიოთერაპიის შემდეგ დამოუკიდებლად გამოყენებისას, მაბტერა ამცირებს დაბალი ხარისხის არა-ჰოჯკინის ლიმფომის გაუარესების, შებრუნების ან მის შედეგად სიკვდილის განვითარების შესაძლებლობას
  • III ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ CVP ქიმიოთერაპიის შემდეგ მაბტერას გამოყენებამ 51 %-ით შეამცირა დაავადების გაუარესების, რეციდივის ან მის მიერ სიკვდილის გამოწვევის რისკი, მხოლოდ დაკვირვებასთან შედარებით


მორეციდივე ან რეფრაქტერული არაჰოჯკინის ლიმფომა

მაბტერას ადრეულ და განმეორებით გამოყენებას შეუძლია გაზარდოს დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური არა-ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა რეციდივის ან რეფრაქტერობის შემთხვევაში 
  • კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მაბტერათი განმეორებითმა მკურნალობამ იმ პაციენტებში, რომლებიც წინასწარაც ღებულობდნენ ამ პრეპარატს, გამოიწვია სიმსივნური უჯრედების რაოდენობის უწყვეტი კლება სისხლში (მყარი პასუხი). განმეორებითი მკურნალობის დროს პასუხი საშუალოდ 50 %-ით ხანგრძლივი იყო საწყის მკურნალობასთან შედარებით
 
  • III ფაზის სხვა კვლევაში პაციენტებს, რომლებსაც წინასწარი მკურნალობა დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური ლიმფომის გამო ჰქონდათ ჩატარებული, სისხლში სიმსივნური უჯრედების რაოდენობის შემცირება აღენიშნათ (პასუხის ჯამური სიხშირე 48 % და ნაწილობრივი პასუხის სიხშირე 42 %), ან სიმსივნური უჯრედების კვალიც არ აღმოაჩნდათ სისხლში (სრული პასუხი 6 %)
 
  • III ფაზის სხვა კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებიც მაბტერას დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური ლიმფომის გამო ღებულობდნენ, სისხლში სიმსივნური უჯრედების რაოდენობის შემცირება აღენიშნათ (პასუხის ჯამური სიხშირე 57 % და ნაწილობრივი პასუხის სიხშირე 43 %), ან სიმსივნური უჯრედების კვალიც არ აღმოაჩნდათ სისხლში (სრული პასუხის სიხშირე 14 %) 


 პირველი რიგის მკურნალობა დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის დროს

III ფაზის სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ CHOP ქიმიოთრაპიას დამატებული მაბტერა აუმჯობესებს დიფუზური, B-მსხვილუჯრედოვანი, CD20-დადებითი ლიმფომით დაავადებული პირების გადარჩენის მაჩვენებელს  

• ერთ კვლევაში CHOP ქიმიოთრაპიას დამატებულმა მაბტერამ შვიდი წლის შემდეგ 36 %-დან 53 %-მდე გაზარდა წინასწარ არანამკურნალევი დიფუზური, CD20-დადებითი, B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა (საერთო გადარჩენა) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ქომიოთერაპიას იტარებდნენ.


• მეორე კვლევაში CHOP ქიმიოთრაპიას დამატებულმა მაბტერამ ხუთი წლის შემდეგ 46 %-დან 58 %-მდე გაზარდა  არანამკურნალევი დიფუზური CD20-დადებითი B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა (საერთო გადარჩენა), მხოლოდ ქომიოთერაპიასთან შედარებით.


• დამატებითმა კვლევამ აჩვენა, რომ CHOP ქიმიოთრაპიას დამატებულმა მაბტერამ წინასწარ არანამკურნალევი დიფუზური CD20-დადებითი B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის მქონე პირებისთვის ორი წლის სიცოცხლის ალბათობა გაზარდა 63 %-დან 74 %-მდე და 86 %-დან 95 %-მდე შესაბამისად, მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებით

                                                                 



მაბტერას განვითარების პროგრამა 

• მიმდინარეობს კვლევები მაბტერას გამოყენების შესახებ CD20-დადებითი სისხლის კიბოს სხვა სახეობების და დაავადებების დროს.

მაბტერა - ქრონოლოგიური სკალა

 

მაბტერა - ქრონოლოგიური სკალა 

  

თარიღი

მოვლენა

1975

მეცნიერებმა, სეზარ მილშტეინმა (Cesar Milstein) და გეორგ კოლერმა (Georges Kohler) შეიმუშავეს თერაპიული ანტისხეულების მიღების ტექნიკა

1976

დაარსდა Genentech, რამაც დასაბამი მისცა ბიოტექნოლოგიურ ინდუსტრიას

1984

დაიბეჭდა ჯადოსნური აბები (Magic Bullets), წიგნი თერაპიული ანტისხეულების ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაში გამოყენების შესახებ

1984

მილშტეინი და კოლერი ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ

1995

Genentech-მა და IDEC-მა ხელი მოაწერეს დოკუმენტს მაბტერას განვითარების და სერიული წარმოების დაწყებაზე ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ

1996

მაბტერას შესახებ III ფაზის ბაზისური კვლევა წარდგენილ იქნა ამერიკის ჰემატოლოგიის საზოგადოების (ASH) შეკრებაზე

1997

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა მაბტერა, პირველი თერაპიული ანტისხეული, რომელიც კიბოს სამკურნალოდ იქნა დამტკიცებული (მორეციდივე ან რეფრაქტერული, CD20+, B-უჯრედოვანი, დაბალი ხარისხის არა-ჰოჯკინის ლიმფომა)

1998

ევროპის კავშირში რიტუქსანი დამტკიცებულია სავაჭრო სახელით მაბტერა (MabThera®)

2001

მაბტერასთვის დამტკიცებულ იქნა დამატებითი განაცხადი ბიოლოგიური პრეპარატის ლიცენზიის მისაღებად (sBLA) სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ და დაემატა გამოყენების რამდენიმე ახალი ჩვენება, მათ შორის:

  • იმ პაციენტების განმეორებითი მკურნალობა მაბტერათი, რომლებსაც განუვითარდათ რეციდივი მაბტერათი საწყისი მკურნალობის შემდეგ
  • რვა ყოველკვირეული დოზის გამოყენება მკურნალობის თითოეული კურსის დროს
  • მასიური ლიმფადენოპათიის მქონე პაციენტების მკურნალობა (დაზიანებები > 10 სმ).

2002

New England Journal of Medicine აქვეყნებს მონაცემებს III ფაზის GELA კვლევიდან, რომელთა საფუძველზე დადასტურდა, რომ CHOP ქიმიოთრაპიის და მაბტერას ერთობლივმა გამოყენებამ  არანამკურნალევ პაციენტებს შეიძლება მისცეს დაავადებისგან თავისუფალი და საერთო გადარჩენის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესაძლებლობა მხოლოდ CHOP ქიმიოთრაპიასთან შედარებით, რაც გადარჩენის თვალსაზრისით პირველ გაუმჯობესებას წარმოადგენს პაციენტთა ამ პოპულაციაში უკანასკნელი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 

არა-ჰოჯკინის ლიმფომით (აჰლ) დაავადებულ პაციენტებში მაბტერას ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, ცხელება, შემცივნება, ლეიკოციტების დაქვეითება, ინფექციები, ტკივილები სხეულში და დაღლილობა. ყველაზე ხშირი სერიოზული გვერდითი ეფექტი აჰლ-ით დაავადებულ პაციენტებში იყო ლეიკოციტების როდენობის შემცირება.

2002

ამერიკის რევმატოლოგიის კოლეგიის ყოველწლიურ შეკრებაზე წარმოდგენილ იქნა იმ კვლევების მონაცემები, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში მაბტერას გამოყენების მნიშვნელობაზე მიუთითებდნენ

2002

მაბტერას შესახება 190-ზე მეტი თეზისი იქნა წარმოდგენილი ამერიკის ჰემატოლოგთა საზოგადოების (ASH) ყოველწლიურ შეკრებაზე

2003

Biogen, Inc. და IDEC ფარმაცევტული კორპორაციები გაერთიანდნენ და შექმნეს Biogen Idec Inc.

2003

200-ზე მეტი თეზისი იქნა წარმოდგენილი ამერიკის ჰემატოლოგთა საზოგადოების წინაშე

2004

250-ზე მეტი თეზისი იქნა წარმოდგენილი ამერიკის ჰემატოლოგთა საზოგადოების წინაშე

New England Journal of Medicine აქვეყნებს საშუალო და მძიმე რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში მაბტერას გამოყენების შესახებ IIa ფაზის კვლევის შედეგებს

რევმატოიდული ართრიტის დროს მაბტერას გამოყენების შესახებ IIb ფაზის კლინიკურ კვლევაში, DANCER, მიღწეულ იქნა ძირითადი საბოლოო წერტილი

2005

რევმატოიდული ართრიტის დროს მაბტერას გამოყენების III ფაზის კლინიკურ კვლევაში, REFLEX, მიღწეულ იქნა ძირითადი საბოლოო წერტილი

2006

2006 წლის 10 თებერვალს რიტუქსანი დამტკიცებულ იქნა დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი, CD20-დადებითი, არა-ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის CHOP (ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი) ან ანთრაციკლინის შემცველ სხვა ქიმიოთერაპიულ რეჟიმებთან ერთად.

2006 წლის 28 თებერვალს მაბტერა დამტკიცებულ იქნა მეთოტრექსატთან (MTX) კომბინაციაში დაავადების ნიშნების და სიმპტომების შესამცირებლად საშუალო და მძიმე აქტიური რევმატოიდული ართრიტის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც არაადეკვატური პასუხი ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (სნფ-TNF) ანტაგონისტით მკურნალობაზე.*

2006 წლის 29 სექტემბერს მაბტერა დამტკიცებულ იქნა მორეციდივე ან რეფრაქტერული, დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომის (აჰლ) მქონე პაციენტების სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით; წინასწარ არანამკურნალევი დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი, CD20-დადებითი, არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული პაციენტებისთვის CHOP (ციკლოპოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი) ან ანთრაციკლინის შემცველ სხვა ქიმიოთერაპიულ რეჟიმებთან ერთად; წინასწარ არანამკურნალევი ფოლიკულური, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი აჰლ-ის დროს CVP ქიმიოთერაპიასთან (ციკლოფოსფამიდი, ვინკრისტინი და პრედნიზონი) ერთად; და არაპროგრესირებადი (სტაბილური დაავადების ჩათვლით), დაბალი ხარისხის, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი აჰლ-ის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით, პირველი რიგის CVP ქიმიოთერაპიის შემდეგ.

2008

2008 წლის იანვარში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა მაბტერა მეთოტრექსატთან კომბინაციაში სტრუქტურული დაზიანების პროგრესირების შესანელებლად საშუალო და მძიმე აქტიური რევმატოიდული ართრიტის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც არაადეკვატური პასუხი ჰქონდათ ერთ ან რამდენიმე სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (სნფ) ანტაგონისტით მკურნალობაზე. *

ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს ინფექციებს და ინფუზიურ რეაქციებს. მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებმა უნდა აცნობონ თავიანთ ექიმს თუ აქვთ რაიმე ინფექცია, მათ შორის მუდმივად მიმდინარე და ისეთიც, რომელიც შექცევადია. თუ პაციენტებს განუვითარდათ რაიმე სიმპტომი ან გვერდითი ეფექტი მაბტერათი მკურნალობის დროს, მათ დაუყოვნებლივ უნდა მოიძიონ სამედიცინო დახმარება.

2010

2010 წლის თებერვალში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა მაბტერა ფლუდარაბინთან და ციკლოფოსფამიდთან (FC) კომბინაციაში წინასწარ ნამკურნალევი და წინასწარ არანამკურნალევი CD20-დადებითი ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ქლლ) მქონე პირების სამკურნალოდ. 

ქლლ-ით დაავადებულ პაციენტებში კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი მაბტერას ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები იყო ინფუზიური რეაქციები და ლეიკოციტების დაქვეითება, რასაც ინფექციების რისკის გაზრდა შეუძლია. მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებმა უნდა უამბონ თავიანთ ექიმს საკუთარი ავადმყოფობის ისტორიის შესახებ.

* რევმატოიდული ართრიტის ჩვენებაში შეტანილ იქნა ცვლილებები 2009 წლის ოქტომბერში, განახლებული ინსტრუქციის შესაბამისად, კერძოდ: მაბტერა ® (რიტუქსიმაბი)მეთოტრექსატთან კომბინაციაში გამოსაყენებლად ნაჩვენებია საშუალო და მძიმე აქტიური რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც არაადეკვატური პასუხი ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე სნფ-ის ანტაგონისტით მკურნალობაზე.

მაბტერა ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ:

  • მორეციდივე ან რეფრაქტერული, დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომა, მონოთერაპიის სახით
  • არანამკურნალევი ფოლიკულური, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომა,, პირველი რიგის ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში; იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აღწევენ სრულ ან ნაწილობრივ პასუხს ქიმიოთერაპიით და მაბტერათი კომბინირებულ მკურნალობაზე, შემანარჩუნებელი მონოთერაპიის სახით
  • არაპროგრესირებადი (სტაბილური დაავადების ჩათვლით), დაბალი ხარისხის, CD20-დადებითი, B-უჯრედოვანი არა-ჰოჯკინის ლიმფომა, მონოთერაპიის სახით პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ
  • არანამკურნალევი დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი, CD20-დადებითი არაჰოჯკინის ლიმფომა, CHOP ან ანთრაციკლინის შემცველ სხვა ქიმიოთერაპიულ რეჟიმებთან კომბინაციაში
  • არანამკურნალევი და  ნამკურნალევი CD20-დადებითი ქლლ (ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზი), ფლუდარიბინთან და ციკლოფოსფამიდთან (FC) კომბინაციაში

სერიოზული ინფექციების მქონე პირებისთვის მაბტერას მიღება არ შეიძლება.

სტატუსი. აღიარებულ იქნა რა აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ 1997 წლის ნოემბერში, მაბტერა წარმოადგენს აშშ-ში კიბოს სამკურნალოდ დამტკიცებულ პირველ თერაპიულ ანტისხეულს.

მაბტერასთვის დამატებითი განაცხადი ბიოლოგიური პრეპარატის (რეგისტრაციის) ლიცენზიის მისაღებად (sBLA) დამტკიცებულ იქნა 2001 წლის აპრილში და დაემატა გამოყენების რამდენიმე ახალი ჩვენება, მათ შორის:

  • იმ პაციენტების განმეორებითი მკურნალობა მაბტერათი, რომლებსაც განუვითარდათ რეციდივი მაბტერათი საწყისი მკურნალობის შემდეგ
  • რვა ყოველკვირეული დოზის გამოყენება (თავდაპირველ ოთხ დოზასთან შედარებით) მკურნალობის  კურსის სახით არა-ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა, რომელსაც თან ახლავს დიდი ზომის ლიმფური კვანძები (ზომა > 10 სმ).

2006 წლის სექტემბერში აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა მაბტერას გამოყენების ორი დამატებითი ჩვენება CD-20 დადებითი, B-უჯრედოვანი აჰლ-ით დაავადებული პაციენტებისთვის.

2010 წლის თებერვალში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა მაბtერას გამოყენების ჩვენება ფლუდარაბინთან და ციკლოფოსფამიდთან (FC) კომბინაციაში  არანამკურნალევი და  ნამკურნალევი CD20-დადებითი ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ქლლ) მქონე პირებისთვის.

მაბტერას უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია 300-ზე მეტ II და III ფაზის კლინიკურ კვლევაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. შემდგომი დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.

  • მაბტერა არის მონოკლონური ანტისხეული, რაც გულისხმობს იმას, რომ ის მეცნიერების მიერ იყო დაგეგმილი და შექმნილი ერთი გარკვეული სახის უჯრედზე დამიზნებითი მოქმედებისთვის. მაბტერა სპეციფიკურად უკავშირდება CD20 ანტიგენს B-უჯრედების ზედაპირზე. ვარაუდობენ, რომ ამის შედეგად ის მოქმედებს ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის მეშვეობით, იწვევს რა შეტევას აღნიშნულ B-უჯრედებზე და მათ განადგურებას. ეს მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნას ავთვისებიან უჯრედებზე დამიზნებითი მოქმედებისთვის აჰლ-ით დაავადებულ პაციენტებში. მართალია, მოქმედების ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არის, მაგრამ ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მაბტერას კლინიკურ აქტივობაში სამი სხვადასხვა მექანიზმი ასრულებს როლს. ესენია:
  • ანტისხეულზე დამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიკურობა (ADCC) -  არის პროცესი,რომლის დროს სპეციფიკური უჯრედები ანტისხეულებით იფარება და ხდება სამიზნე სპეციალიზებული მკვლელი უჯრედებისთვის, როგორებიცაა ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (კილერი უჯრედები) და მაკროფაგები. ამ დროს ანტისხეულ მაბტერას ერთი ნაწილი უკავშირდება B-უჯრედებზე არსებულ CD20 ანტიგენს. იმავე ანტისხeულ მაბტერას მეორე ნაწილი უკავშირდება რეცეპტორს სპეციალიზებულ მკვლელ უჯრედებზე, როგორიცაა მონოციტები, მაკროფაგები და ბუნებრივი მკვლელი უჯრედები. ამის შემდეგ მკვლელი უჯრედები შთანთქავენ B-უჯრედს და ანადგურებენ მას.
  • კომპლემენტზე დამოკიდებული ციტოტოქსიკურობა - ამ შემთხვევაში ანტისხეული მაბტერა უკავშირდება CD20-ს B-უჯრედებზე და დასაბამს აძლევს კომპლემენტის სისტემას, რომელსაც აგრეთვე „კომპლემენტის (რეაქციების) კასკადი“ ეწოდება და უშუალოდ უჯრედის ტოქსიურობისკენ არის მიმართული. საბოლოო შედეგი არის ის, რომ წარმოიქმნება მემბრანაზე მოიერიშე კომპლექსი, რომელიც აჩენს ხვრელს უჯრედის მემბრანაში და იწვევს უჯრედის ლიზისს და სიკვდილს.
  • აპოპტოზი - ექსპერიმენტულად მიღებული მონაცემების თანახმად, მაბტერა ეკვრის და ჯვარედინად უკავშირდება CD20 ანტიგენს და ახდენს იმ მოვლენების კასკადის აქტივაციას, რომელიც საბოლოოდ B-უჯრედების  თვითმკვლელობას (თვითგანადგურებას) განაპირობებს, რასაც სხვაგვარად უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი ან აპოპტოზი ეწოდება.

B-უჯრედები და არა-ჰოჯკინის ლიმფომა

  • გარკვეულ პირობებში B-უჯრედების და T-უჯრედების ფუნქციონირება შეიძლება დაირღვეს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ავთვისებიანი (კანცერული) უჯრედების გამრავლებას. ეს ავთვისებიანი უჯრედები უკონტროლოდ იყოფა და სრულად არ დიფერენცირდება. შედეგად მიღებულ სისხლის ავთვისებიან დაავადებებს ლიმფომები, ლეიკემიები და მიელომები ეწოდება. არა-ჰოჯკინის ლიმფომა (აჰლ) სისხლის ავთვისებიანი დაავადების ერთ-ერთი სახეა, რომელიც ანომალური იმუნური უჯრედებიდან შეიძლება წარმოიშვას. არა-ჰოჯკინის ლიმფომების დაახლოებით 85% B-უჯრედებში წარმოიქმნება. აქედან გამომდინარე, აჰლ-თან ბრძოლის დასაწყებად B-უჯრედებზე დამიზნებითი მოქმედებაა საჭირო.

რატომ არის მნიშვნელოვანი B-უჯრედები?

  • თითოეული მომწიფებული B-უჯრედი ისეა აგებული, რომ შეუძლია ამოიცნოს და იპოვოს სხეულში არსებული ერთი სპეციფიკური ანტიგენი მის გარეთა ზედაპირზე არსებული გარკვეული წარმონაქმნების მეშვეობით, რომელთაც B-უჯრედების რეცეპტორები ეწოდება. B-უჯრედების რეცეპტორები ისე ერგება შესაბამის ანტიგენს, როგორც საკეტი და გასაღები. ანტიგენის შეკავშირება შესაბამის B-უჯრედის რეცეპტორთან პირველი ნაბიჯია ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავების გზაზე. ანტისხეულები აუცილებელია ინფექციებისა და დაავადებებისგან ორგანიზმის დასაცავად. ისინი Y-ფორმის მქონე პროტეინებია, რომლებიც თითქმის B-უჯრედების რეცეპტორების იდენტურია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ B-უჯრედებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში დარჩენის მაგივრად, მათი გამოყოფა ხდება სისხლის მიმოქცევაში. B-უჯრედების რეცეპტორების მსგავსად, ერთი ანტისხეული სპეციფიკურია ერთი ანტიგენის მიმართ. როდესაც ანტისხეული პოულობს მის შესაბამის ანტიგენს, ის ანეიტრალებს მას, ან მონიშნავს განადგურების მიზნით.
  • ანტისხეულების გამომუშავების გარდა, B-უჯრედები სხვა მნიშვნელოვან ზეგავლენასაც ახდენen სხვა სახის იმუნურ უჯრედებზე.
  • ანომალურად მოფუნქციონირე B-უჯრედებს სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა ან მათთვის ხელის შეწყობა შეუძლია.

როგორ უნდა მოხდეს B-უჯრედებზე დამიზნება დაავადების დროს?

  • B-უჯრედებზე არსებულ სპეციფიკურ ცილებზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული ცილა, CD20, ექსპრესირდება მომწიფებული B-უჯრედების უმრავლესობაზე, მაგრამ არა ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებზე. აჰლ-ის დროს CD20 ანტიგენის ექსპრესირებას ახდენს ავთვისებიანი B-უჯრედების 90%-ზე მეტი. მართალია, CD20 ცილის ფუნქცია ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ მათი როლის შესახებ უჯრედის ციკლის და აპოპტოზის (უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი) რეგულაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ მაბტერას გამოყენების ინსქტრუქცია.