ფილტვის კიბო

ფილტვის კიბო თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ფილტვის კიბოთი ყოველწლიურად 1 მლნ., ყოველდღიურად კი 3.000 ადამიანი იღუპეპა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ნახევარ საათში პლანეტის რომელიმე წერტილში ერთი ადამიანი მაინც კვდება ფილტვის კიბოს გამო. 
  დაავადებას უკავშირებენ თამბაქოს მწეველთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას, ჰაერში გადასული სამრეწველო ნარჩენების შესუნთქვას და სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებების არსებობას.
 სიგარეტის მოწევა განაპირობებს ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 90%-ს. თამბაქოს ბოლი საშიშია დახურულ შენობაში არამწეველთათვისაც. 
ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი მნიშვნელოვნად მატულობს, როცა თამბაქოს მოწევა შერწყმულია სხვა კანცეროგენული ფაქტორების ზემოქმედებასთან.
ფილტვის კიბოს მომატებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
• თამბაქოს მწეველები, განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულები და 25 წელზე მეტი ხანგრძლივობის მწეველობის სტაჟით;
• ადამიანები, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ კონტაქტი აზბესტის, ქრომის, ნიკელის, დარიშხანის ნაერთებთან და მათ წარმოებასთან;
• დაბინძურებულ გარემოში ხანგრძლივად მცხოვრები ადამიანები და სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებების მქონე პირები.

კლინიკური სიმპტომატიკა განისაზღვრება სიმსივნის ლოკალიზაციით, ზომით, ზრდის ფორმით და ჰისტოლოგიური შენებით. დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომების რაოდენობა თანდათან მატულობს. ამ სიმპტომებიდან აღსანიშნავია: სუნთქვის გაძნელება/ქოშინი, ქრონიკული გახანგრძლივებული ხველა, სისხლიანი ნახველი, ხშირი ბრონქიტი; ხმის ჩახლეჩა, ტკივილი გულმკერდის არეში, გაურკვეველი მიზეზით წონაში კლება და მადის დაკარგვა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა კომპლექსურია და გულისხმობს რენტგენოლოგიურ, კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ, ულტრაბგერით-ენდოსკოპურ, მორფოლოგიურ და სხვა კვლევებს. თუ ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება მოხდა დროულად, შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის შედეგად დაავადების სრული განკურნება.
სამწუხაროდ, ფილტვის კიბოს უმრავლეს შემთხვევაში დიაგნოსტირება ხდება გვიან სტადიებზე, ანუ იმ დროს, როცა დაავადება უკვე გავრცელებულია. ამ შემთხვევაში მკურნალობის არჩევის მეთოდს ქიმიო- და სხივური თერაპია წარმოადგენს.

გახსოვდეთ! 
 ცხოვრების ჯანსაღ წესზე ორიენტირებით შესაძლებელია შემთხვევათა 1/3-ის თავიდან აცილება; 1/3 დროული დიაგნოსტიკის პირობებში შეიძლება განიკურნოს; ხოლო დარჩენილ 1/3-ს ადეკვატური მკურნალობით შეიძლება მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე.