მკურნალობა

როდის უნდა დავიწყოთ მკურნალობა? ოსტეოპოროზის მკუნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ  თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ  მოტეხილობები მინიმალური ტრავმის პირობებში, ასევე,  65 წლის და უფოსი ასაკის ქალბატონებს, რომელთაც აღენიშნებათ ოსტეოპოროზის განვითარების  რისკ-ფაქტორები,   მკურნალობა შეიძლება დაენიშნოთ ემპირიულად, ძვლის მინერალური სიმკვრივის მანსაზღვრის გარეშე. 65 წლამდე ასაკის ქალბატონებს, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების განვითარების რისკის ფაქტორები, მაგრამ ანამნეზში არ აღენიშნებათ მოტეხილობები, უნდა განესაზღვროთ ძვლის მინერალური სიმკვრივე. გამოკვლევასა და სპეციფიური მკურნალობის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს თითოეული პაციენტისათვის წყვეტს მკურნალი ექიმი.

მკურნალობის ხანგრძლივობა. ოსტეოპოროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, ამიტომაც იგი მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას. თანამედროვე რეკომენდაციებით სპეციფიური პრეპარატებით მკურნალობა 3-5 წელს გრძელდება. საბოლოოდ თერაპიული კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, რომელიც რეგულარულად აფასებს ძმს-ს და პაციენტი იმყოფება მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

სპეციფიური მედიკამენტოზური თერაპია. სადღეისოდ გამოყოფენ  ეფექტური ანტიოსტეოპოროზული პრეპარატების რამოდენიმე კლასს. ამ პრეპარატებით მკურნალობა სარწმუნოდ ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და შესაბამისად ამცირებს მოტეხილობის რისკს. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ბისფოსფონატები, ესტროგენები, ესტროგენების სელექციური მოდულატორები, სტრონციუმის რანელატი კალციტონინი და სხვა.

თერაპიული კურსის შერჩევა.თითოეული პაციენტისათვის მკურნალობის კურსის შერჩევა ხდება კონკრეტულ შემთხვევაში კლინიკური თავისებურებებისა და ინდივიდუალური უკუჩვენებების გათვალისწინებით. ექიმი ითვალისწინებს არა მარტო მედიკამენტის კლინიკურად დადასტურებულ ეფექტურობასა და კარგი ამტანობის მაჩვენებელს არამედ წამლის მიღების მოხერხებულ რეჟიმს,  რადგან ამაზეა დამოკიდებული რამდენად სტაბილურად მიიღებს პაციენტი პრეპარატს და შესაბამისად, როგორი იქნება მკურნალობის შედეგი (მოტეხილობის ალბათობის შემცირება). ცნობილია, რომ თუ პრეპარატის მიღება პაციენტისთვის მოუხერხებელია, დიდია ალბათობა რომ მან თვითნებურად მიატოვოს მკურნალობა.

კალციუმი და ვიტამინი D. ოსტეოპოროზის მკურნალობის ნებისმიერ სქემაში აუცილებლად არის ჩართული კალციუმი და D ვიტამინი, რომლებსაც პაციენტი უნდა ღებულობდეს ადექვატური რაოდენობით. კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის პირობებში აღნიშნული დეფიციტის შევსება ხდება დამატებითი პრეპარატების მეშვეობით.

OP_exercise

ფიზიკური აქტივობა აფერხებს ძვლოვანი მასის განლევის პროცესს, აუმჯობესებს წონასწორობის დაცვას; მნიშვნელოვანია ვარდნის პროფილაქტიკისა და წინამორბედი მოტეხილობების რეაბილიტაციისათვის.

რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა? ქრონიკული დაავადებებისათვის რეკომენდებული ხანგრძლივი მკურნალობის კურსი, რომელიც  პრეპარატების მუდმივ რეჟიმში მიღებას გულისხმობს, ხშირად  პაციენტს უქმნის გარკვეულ უხერხულობას. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პავიენტთა თითქმის ნახევარხე მეტი, რომლებიც დიდი რაოდენობით სამკურნალო საშუალებებს  ღებულობენ ყოველდღიურად, არღვევს მკურნალობის რეჟიმს, რასაც შეიძლება განაპირობებდეს სხვადასხვა ფაქტორი -ტაბლეტების დიდი რაოდენობა, პრეპარატის მიღების მოუხერხებელი რეჟიმი, რომელიც პაციენტს იძულებულს ხდის შეიცვალოს ცხოვრების ნირი, ასევე, შესაძლოა პაციენტს ავიწყდებოდეს წამლის მიღება და სხვ. ექიმის რეკომენდაციის დარღვევა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას. ოსტეოპოროზის შემთხვევაში მკურნალობის შესახებ ექიმის რეკომენდაციების დარღვევას ან სრულ უგულვებელყოფას თან სდევს დრამატული შედეგები სხვადასხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების სახით.