დენსიტომეტრია

დენსიტომეტრია

ძვლის სიმტკიცე და შესაბამისად მოტეხილობისადმი მდგრადობა განისაზღვრება ძვლის მინერალური სიმკვრივით(ძმს), ამიტომ ამ მაჩვენებლების განსაზღვრა საუკეთესო გზაა მოტეხილობის რისკის შესაფასებლად.
ძმს შეფასებისათვის მიმართვენ დენსიტომეტრიულ  გამოკვლევას, რომლის განხორციელება  სხვადასხვა მთოდით არის შესაძლებელი. ოქროს სტანდარტს წარმოადგენს  ორმაგენერგეტიკული რენტგენოლოგიური დენსიტომეტრია, რომლის მეშვეობით შესაძლებელია  წელის მალების, ბარძაყის და წინამხრის ძვლების ძმს განსაზღვრა.  დიაგნოსტიკური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია წელის მალების და ბარძაყის ძვლის მონაცემები. აღნიშნული გამოკვლევა საკმაოდ ძვირადღირებულია და შესაბამისი აპარატურაც არ დგას ყველა კლინიკაში, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ფართო გამოყენება ჰპოვა პორტატულმა ულტრაბგერითმა დენსიტომეტრებმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქუსლის ძვლის,  ტაბუხის ძვლის  და თითის ფალანგების ძმს განსაზღვრა. ულტრაბგერითი დენსიტომეტრის აპარატის სიზუსტე რენტგენულთან შედარებით დაბალია, თუმცა მათი გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელია რისკ-ჯგუფში შემავალი პაციენტების სკრინინგული კვლევის დროს (ხდება მათი შერჩევა, რომელთაც ესაჭიროებათ შემდგომი ეტაპის გამოკვლევა), რადგან მისი მოხმარება ტექნიკურად გაცილებით მარტივი და იაფია; პაციენტის გამოკვლევა ხდება მოკლე დროში და კვლევის დროს იგი არ ღებულობს რენტგენულ დასხივებას.
პაციენტის დენსიტომეტრიული გამოკვლევით მიღებული  ძმს-ის მაჩვენებელს ადარებენ შესაბამის მონაცემს ახალგაზრდა ჯანმრთელ ქალებში. მათ შორის განსხვავება  წარმოადგენს სტანდარტული გადახრების მაჩვენებელს და ეწოდება Т-ინდექსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა Т-ინდექსის შემდეგი ზღვრული ნორმები:

ნორმა

Т-კრიტერიუმი -1 და ზევით

ოსტეოპენია (ძმს

 დაქვეითება)

Т-კრიტერიუმი -1დან  -2,5-მდე

ოსტეოპოროზი

Т-კრიტერიუმი -2,5 და ქვევით

მძიმე ოსტეოპოროზი

Т-კრიტერიუმი -2,5 და ქვევით  და ანამნეზში ერთი ან მეტი მოტეხილობის არსებობა

საგულისხმოა, რომ ხშირად ოსტეოპოროზის დიაგნოსტირება ხდება მოტეხილობის გამოვლენის შემდეგ, ანუ როდესაც ძვლოვანი ქსოვილი უკვე ძალზედ მყიფეა. უმჯობესია, ორივე სქესის პაციენტები, რომლებიც ოსტეოპოროზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან რეგულარულად ამოწმებდნენ ძმს-ს რათა დროულად დაიწყონ მკურნალობა და თავიდან აირიდონ სხვადასხვა ლოკალიზაციის მოტეხილობა.
ჩვეულებრივი (ტრადიციული) რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ვერ ხერხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა. ხერხემლის რენტგენოგრაფია ნაჩვენებია ვერტებრული მოტეხილობის გამოსავლენად.

დიაგნოსტიკა

ოსტეოპოროზის ადრეული დიადნოსტიკისათვის ტარდება დენსიტომეტრიული გამოკვლევა, რომელიც იკვლევს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს.

XX საუკუნის 80-იან წლებში გამოიგონეს ძვლის დენსიტომეტრიული კვლევისათვის მაღალეფექტური აპარატურა, რომელიც ადრეულ სტადიაზე გამოავლენს ჩონჩხის სხვადასხვა უბანში ოსტეოპოროზს 2-5% სიზუსტით და იძლევა  ძვლის განლევის პროცესის რაოდენობრივი   შეფასების შესაძლებლობას.  
სადღეისოდ განასხვავებენ დენსიტომეტრიის იზოტოპურ(ერთ-  და ორფოტონური აბსორბციომეტრია და რაოდენობრივი კომპიუტერული ტომოგრაფია) და ულტრაბგერით მეთოდებს.

ძვლის დენსიტომეტრიის იზოტოპური და რენტგენული მეთოდები ეფუძნება იზოტოპებისა და რენტგენული სხივების გამოსხივებას გამოსხივების წყაროდან ძვლის გავლით დეტექტორის მიმართულებით. იზოტოპებისა და რენტგენული სხივების ვიწრო სხივი მიმართულია ძვლის საკვლევ უბანზე და ძვალში გავლილი სხივის ინტენსივობა რეგისტრირდება დეტექტორული სისტემით

ძვლოვანი ქსოვილის მინერალური შემადგენლობის ძირითადი მაჩვენებლებია:

  • ძვლის მინერალური შემადგენლობა (ძმშ), იზომება საკვლევი უბნის მინერალური შემადგენლობა გრამებში; 
  • ძვლის მინერალური სიმკვრივე (ძმს), რომელიც ფასდება ძვლის დიამეტრის მიხედვით და იზომება გრამებში კვადრატულ სანტიმეტრზე

ძვლის დენსიტომეტრის პროგრამა თავად შეიცავს ჩონჩხის ცალკეული უბნების ძვლის მინერალური სიმკვრივის ნორმატიულ მაჩვენებლებს ასაკისა და სქესის გათვალისწინებით. საკვლევი უბნის ძმს-ის აბსოლუტური მაჩვენებლის პარალელურად დენსიტომეტრიის შედეგებში ასევე ნაჩვენებია შეფარდებითი მაჩვენებელიც, რომელიც განსაღვრავს ნორმიდან სტანდარტულ გადახრას. ეს მაჩვენებელი წარმოადგენს ძვლოვანი მასის კარგვის პროცესის შეფასების საფუძველს ჯმოს კრიტერიუმებთან მიმართებაში.

ორმაგენერგეტიკული ძვლის დენსიტომეტრული კვლევის აპარატებს გააჩნიათ  დიაგნოსტიკური შესაძლებლობების ფართო დიაპაზონი. გარდა იმისა, რომ იგი ზომავს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს ჩონჩხის ნებისმიერ უბანში, მათ უმეტეს ნაწილს ასევე აქვს ბრძანება ,,მთელი სხეული“,("total body"),  რომლითაც შესაძლებელია მინერალური შემცველობის განსაზღვრა მთლიანად ძვალ-სახსროვან სისტემაში; ასევე, ცალკეულ კატეგორიაში გამოყოფს აღნიშნულ მაჩვნებელს ცხიმოვანი ქსოვილისა და კუნთოვანი მასისათვის. 

სადღეისოდ უპირატესობა ენიჭება რენტგენულ დენსიტომეტრიას.
რაოდენობრივი კომპიუტერული ტომოგრაფია იძლევა კორტიკალური და ღრუბლისებრი ძვლების სივრცობრივ გამოსახულებას და მათ რაოდენობრივ  ანალიზის შესაძლებლობას. იძლევა რა მოცულობითი შეფასების საშუალებას  და არა სიბრტყობრივ მონაცემებს, აღნიშნული გამოკვლევა ზედმიწევნით ზუსტად აფასებს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს. ამ მეთოდის სიზუსტე 5-8%-ს შეადგენს, თუმცა დასხივების ინტენსივობა  ერთი გამოკვლევის დროს მნიშვნელოვნად აღემატება ზემოთაღწერილი მეთოდების დროს გამოვლენილ იგივე მაჩვენებელს.

ულტრაბგერითი დენსიტომეტრია ეფუძნება ძვლოვან ქსოვილში ულტრაბგერის გავრცელების სიხშირისა და მისი მილევადობის განსაზღვრას. აღნიშნული პარამეტრები გამოხატავენ ძვლის ელასტიურობას, სიმკვრივესა და სიმტკიცეს.

ოსტეოპოროზის რენტგენოლოგიური ნიშნები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა ძვლოვანი ქსოვილის უკვე 20-30%-ია  დაკარგული. შესაბამისად რენტგენოლოგიური გამოკვლევები იძლევა ოსტეოპოროზის გვიანი სტადიის გამოვლენის საშუალებას.

სადღეისოდ რენტგენოდიაგნოსტიკა არ წარმოადგენს ოსტეოპოროზის კვლევის ძირითად მეთოდს, თუმცა ზოგ შემთხვევაში მაგ. როდესაც რენტგენული დენსიტომეტრია, რაოდენობრივი კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა კვლევები არ არის ხელმისაწვდომი, იგი შესაძლოა წარმოადგენდეს დიაგნოსტირების ერთადერთ საშუალებას. ამასთანავე რენტგენოგრაფიული კვლევა, როგორც რენტგენული, ისე ულტრაბგერითი დენსიტომეტრიის შემავსებელი, დამატებითი მეთოდია. მისი გამოყენება რეკომენდებულია ოსტეოპოროზული მოტეხილობების გამოსავლენად და ძვალში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით.